ახალი ამბებიპოლიტიკა

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული  რეზოლუცია  მიიღო. 

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ გერმანია კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამავდროულად კი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” მმართველობას. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  ამ კურსით საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 

ასევე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვკითხულობთ, რომ მისი  მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მეტად მნიშვნელოვანია. 

განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს რეპრესიული კანონები, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და LGBTQIA+ პირების დევნა და უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები.

დოკუმენტი ასევე ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც კვლავაც ისწრაფვის დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისკენ. ბუნდესტაგი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის აუცილებელია მშვიდობიანი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ გზას.