ახალი ამბებიპოლიტიკა

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია – ივანიშვილი

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსით მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს. 

“„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით, საქართველო კეთილდღეობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 11-წლიანი პროგრესით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 11 წლიანი პროგრესით, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა,  საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. ასევე, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა  ერთ-ერთი ფრანგული ორგანიზაციის IPSOS-ის ანგარიში ქართულ სასამართლოსთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით,  საქართველოს მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან. დაფიქსირებული შედეგი უფრო მაღალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების სასამართლოების საშუალო ნდობა, რაც დაახლოებით 55% შეადგენს. აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას, რომ საშუალო ევროპულზე მაღალია დღეს სასამართლოზე ნდობა ქართულ საზოგადოებაში.

ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. არადა კარგად გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტს, როგორც საკუთარ ჯიბეს, ისე უყურებდა. მათმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა, რვა მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა საკუთარი ახირებების დასაკმაყოფილებლად და ეს სისხლის სამართლის საქმე ახლა იმ ქართულ სასამართლოში განიხილება, რომელმაც „იფსოსის“ მიერ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე – მესამე, ევროპაში კი – პირველ ადგილზეა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.  12 წელში რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა მსოფლიოს ყველა ქვეყნებს ვედრებით და საუკეთესო ხუთეულშია სიღარიბის შემცირების ნაწილში.

ეს ყველაფერი არის იმ პროგრესის ძალიან მცირე ჩამონათვალი, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ თქვენი, ქართველი ხალხის გვერდში დგომით მიაღწია. სწორედ იმიტომ, რომ  ქართული ოცნება ადგას სწორ გზას ყველა მიმართულებით, საქართველოს შესახებ სამომავლო პროგნოზიც ძალიან შთამბეჭდავია, რომელსაც  საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს.  ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა, საქართველო კი ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში”_განაცხადა ივანიშვილმა.