ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოება

საგანგაშოა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების საარჩევნო უფლება ირღვევა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, იმ დევნილების ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანა, რომლებსაც არ აქვთ ფაქტობრივი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე-ამის შესახებ განცხადებას სოციალური სამართლიანობს ცენტრი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ დევნილი მოსახლეობა არ უნდა დააყენოს დაბრუნების უფლების ან ხმის მიცემის უფლების არჩევანის წინაშე.

“ნიშანდობლივია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დევნილების გარკვეულ ნაწილს არ აქვს ან შეჩერებული აქვს დევნილის სტატუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად. სტატუსის შეჩერება ან არქონა ავტომატურად გულისხმობს იმას რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აუქმებს მათი ფაქტობრივი საცხოვრებელ ადგილის მისამართს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს რომ მათ არ შეუძლიათ შევიდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამასთანავე, კანონში არ არსებობს ჩანაწერი რომლის მიხედვით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა გააუქმოს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი იმ დევნილისთვის, ვისაც სტატუსი უჩერდება ან უუქმდება, თუმცა პრაქტიკაში ის დევნილები ვისაც სტატუსი არ აქვს ავტომატურად არიან გამორიცხული ამომრჩეველთა სიიდან.

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ დევნილების იმ კატეგორიას, რომელსაც შენარჩუნებული აქვს დევნილის სტატუსი (შესაბამისად, ფაქტობრივი მისამართი კონტროლირებად ტერიტორიაზე) მაგრამ ფაქტობრივად ცხოვრობს საზღვარგარეთ, მათ შეუძლიათ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. აღნიშნული ბარიერი არსებული რეგულაციიდან გამომდინარე ექმნებათ არა მხოლოდ საზღვარგარეთ მცხოვრებ დევნილებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ დევნილებსაც, რომლებსაც შეწყვეტილი ან ჩამორთმეული აქვთ დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მათი იურიდიული მისამართი ფიქსირდება მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კონტროლირებად ტერიტორიაზე მისამართის გარეშე კი მათ არ შეუძლიათ ხმის მიცემა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილებს სთავაზობს ერთ გამოსავალს, მათ შეუძლიათ უარი თქვან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათ იურიდიულ მისამართზე და დარეგისტრირდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დევნილები თვლიან, რომ ეს არ არის მათთვის გამოსავალი, რადგან იურიდიული მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის მათი ამ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი და მასზე უარის თქმის შემთხვევაში ისინი საბოლოოდ უარს აცხადებენ დაბრუნებაზე, დაბრუნების შესაძლებლობაზე.

აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება დევნილთა უფლებების და საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზანს, რიყავს მათ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესებისგან და ისედაც მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, კიდევ უფრო აშორებს საქართველოს სახელმწიფოსგან. კრიტიკულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დევნილი მოსახლეობა არ უნდა დააყენოს დაბრუნების უფლების ან ხმის მიცემის უფლების არჩევანის წინაშე.

სწორედ ამიტომ, სოციალური სამართლიანობს ცენტრი საჭიროდ თვლის რომ:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, იმ დევნილების ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანა, რომლებსაც არ აქვთ ფაქტობრივი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ხელისუფლებამ შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, რაც არ გამოიწვევს დევნილების სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის გაუქმებას და ისინი შენარჩუნებული იქნებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში.