საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი დოკუმენტები – უცხოენოვანი მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება დაამზადეს.
“საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ერთ მოქალაქეს და საქართველოს 2 მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი კუთვნილი, კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ყალბი დოკუმენტები – უცხოენოვანი მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება დაამზადეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე მიწის ნაკვეთის გადაფორმების მიზნით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები საჯარო რეესტრში წარადგინეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი და ეფექტური რეაგირების შედეგად განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს.”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.