ახალი ამბებიპოლიტიკა

სასამართლო კლანმა მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებამოსილება – “გირჩი”,”დროა”,”ახალი”

სასამართლო კლანმა დაარღვია ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებამოსილება- ასე ეხმაურება კოალიცია „ცვლილებებისთვის“ – „გირჩი“, „ახალი“ და „დროა“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

ასევ, პოლიტიკური გაერთიანება ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ  მსგავსი უკანონო გადაწყვეტილება ჩვენი ევროპული არჩევანისთვის დამაზიანებელია. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევით შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის თაობაზე.

“ამ გადაწყვეტილებით სასამართლო კლანმა დაარღვია ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით განმტკიცებული უფლებამოსილება.
მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად შესასრულებელი 9 დათქმა ითვალისწინებს სასამართლოს ყოვლისმომცველ რეფორმას, ,,ქართული ოცნება’’ მორიგ ჯერზე მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებით დგამს ჩვენი ისტორიული არჩევანისთვის დამაზიანებელ ნაბიჯს. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაციით შემუშავებული ,,ქართული ქარტია’’ ითვალისწინებს სასამართლო სისტემის, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორომას. როგორც აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმომწერები, ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დავრჩებით შეთანხმების ერთგულები, შევცვლით ამ მანკიერ სისტემას და სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გავათავისუფლებთ.” – აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ შეჩერდა.