ახალი ამბებიპოლიტიკა

მოსამართლემ მესამე პრეზიდენტს ე.წ. “საზღვრის კვეთის” საქმეზე წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებლად და უკანონოდ შეუფარდა – ენმ

მიხეილ ჯინჯოლიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ე.წ. “საზღვრის კვეთის” საქმეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა –  ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. 
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია რომ მოსამართლე ჯინჯოლიამ გადაწყვტილება აბსურდული არგუმენტების საფუძველზე მიიღო.  
“2024 წლის 2 აგვისტოს, ივანიშვილის რეჟიმის ფსევდო-სასამართლოს ახალდანიშნულმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ე.წ. “საზღვრის კვეთის” საქმეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამის გადაწყვეტილების დასაბუთება მიხეილ ჯინჯოლიამ აბსურდული არგუმენტით სცადა, თითქოს არსებობს მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
რეალურად, მიხეილ სააკაშვილს არათუ მოწმეებთან კომუნიკაციის საშუალება, არამედ სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებაც კი უკანონოდ აქვს წართმეული და საპატიმრო სამედიცინო დაწესებულებაში საბადრაგო სამსახურის 24 საათიანი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
 ზემოხსენებული საქმე დაახლოებით 3 წელია იხილება და აქამდე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.
ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც პირს, რომელიც უკვე იხდის თავისუფლების აღკვეთის სასჯელს, დამატებით წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ეს არა მხოლოდ სამართლის ნორმების დარღვევაა, არამედ კიდევ ერთხელ ცხადყოფს პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია და ივანიშვილის ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის მთავარი გამოვლინებაა.
ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია. 26 ოქტომბერს ერთიანობით ქართველი ხალხი დაასრულებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და ქვეყანას დასავლური განვითარების გზაზე დააბრუნებს! ერთიანობით ვიმარჯვებთ! ” აღნიშნულია განცხადებაში.