ახალი ამბებიპოლიტიკა

მივმართავთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე – ნათია მეზვრიშვილი

მივმართავთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება პარლამენტის სპიკერის – შალვა პაპუაშვილის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე –  ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
 
მეზვრიშვილის თქმით, “ოცნება” ზონდერებს გაურიგდა და წინასაარჩევნოდ მათ გამოყენებას ცდილობს. 
 
“მივმართავთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება პარლამენტის სპიკერის – შალვა პაპუაშვილის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე. დროული რეაგირება უმნიშვნელოვანესია, არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად.
პაპუაშვილის მოწოდბა ძალადობისკენ არის იმ დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი და გაგრძელება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მივაწოდეთ. „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ აღნიშნული ზონდერები წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა. ასეც მოხდა. ზონდერების დაცვის ამნისტიის დაანოსებიდან მალევე საზოგადოებამ იხილა პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ.
დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს. ინსტიტუტების სრული მორჩილების, პოლიტიკური კორუფციის და სისტემური ძალადობის პირობებშიც კი ხელისუფლების მაქსიმალური მხარდაჭერა მათივე კვლევებით 30%-საც ვერ აღწევს.
სწორედ ამიტომ, „ოცნება“ დანაშაულებრივი მეთოდებით – პოლიტიკური კორუფციით და სისტემური ძალადობით ცდილობს დამატებითი რესურსების მობილიზაციას. კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფებას მიღებული აქვს დავალება ნებისმიერ ფასად მოახდინონ ხმებით მანიპულირება და მანიპულირებული შედეგების სახალხო ლეგიტიმაცია.
კერძოდ, სუს-ის დახმარებით, სამთავრობო რესურსების კორუფციული მიზნებისთვის გამოყენებაზე პასუხისმგებელია კობახიძე, ხოლო დამკვირვებლების, მედიის და ოპოზიციის მიმართ ძალადობის წახალისებაზე, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაზე, პასუხისმგებელია პაპუაშვილი.
საზოგადოებას შევახსენებთ ძალადობაში პაპუაშვილის მონაწილეობის ფაქტს უახლოესი წარსულიდან, როდესაც მის მიერ აქტივისტების და მედიის მიმართ ძალადობის დაანონსებას იმავე დღეს, მყისიერად მოჰყვა ზონდერების მიერ აქტივისტზე სასტიკი ძალადობა.
შესაბამისად, მოვუწოდებთ პროკურატურას დროული რეაგირებისკენ. ნებისმიერ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად ვაკისრებთ უშუალოდ პაპუაშვილს და იმ უწყებებს, რომელთა უმოქმედობა ძალადობაში თანამონაწილეობაა”  –  განაცხადა მეზვრიშვილმა.